აშშ აცხადებს, რომ უკრაინას სამხედრო დაფინანსების სახით დამატებით გამოუყოფს 10 მილიონ დოლარს, რათა მან მისი საზღვაო ფლოტი გააძლიეროს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნოემბრის ბოლოს კიევის სამი ხომალდი დააკავა. ეს გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 დეკემბერს გამოაცხადა, დაემთხვა ბრიტანეთის გეგმებს უკრაინის საზღვაო ძალებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 25 ნოემბერს განახორციელა თავდასხმა შავი და აზოვის ზღვების დამაკავშირებელ ქერჩის სრუტეში. რუსეთმა 24 უკრაინელი სამხედროც დააკავა ამ ინციდენტის დროს, როცა მისმა საზღვაო დაცვამ უკრაინის ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა. მოსკოვი ამბობს, რომ ხომალდები უკანონოდ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ყირიმის რეგიონთან ახლოს, რომლის ოკუპაცია და ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინისგან. უკრაინა და გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობა არ ცნობენ ამ ანექსირებას. 2003 წელს გაფორმებული შეთანხმებით, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ აზოვის ზღვასთან მისადგომებით სარგებლობის გზებზე, თუმცა ყირიმის ანექსირების და მიმდინარე წელს ქერჩის ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რუსეთი ხელმისაწვდომობას თანდათან უზღუდავს უკრაინის ხომალდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი "რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას ჩამორთმეული ხომალდები და დაკავებული მეზღვაურები, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა ღია დატოვოს უკრაინის პორტებიდან და პორტებისკენ მიმავალი ხომალდებისთვის და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას".