საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას, ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოსაძიებლად. სალომე ზურაბიშვილი მიესალმა მთავარი პროკურორის მზადყოფნასაც, თავად უხელმძღვანელოს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების საქმეს. „იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“ - ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა დასადგენად მიმდინარე გამოძიების 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა. ამ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიების წარმართვისთვის ხანდაზმულობის ვადის 5 წლით გაზრდას. 26 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, ცოტნე გამსახურდიამ მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საგამოძიებო ჯგუფს თადუმაძე უხელმძღვანელებს.