Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი დემოკრატებს აკისრებს პასუხისმგებლობას მიგრანტი ბავშვების სიკვდილისთვის


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპონენტებს, დემოკრატ კონგრესმენებს დააკისრა პასუხისმგებლობა აშშ-ის საზღვარზე დაკავებული მიგრანტი ბავშვების სიკვდილისათვის.

როგორც ტრამპი ტვიტერში წერს, დემოკრატები ხელს უწყობენ უკანონო იმიგრაციას თავიანთი უარით, გამკაცრდეს საიმიგრაციო პოლიტიკა და, კერძოდ, გამოიყოს ფული მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად.

„კედელი რომ არსებობდეს, ისინი არცკი შეეცდებოდნენ აშშ-ში მოხვედრას“, წერს ტრამპი იმიგრანტების შესახებ. მისივე თქმით, ორი ბავშვი, რომელიც ბოლოხანს გარდაიცვალა, ავად იყო და სასაზღვრო პოლიციას ბრალი არ მიუძღვის.

აშშ-ში დეკემბერში გარდაიცვალა ორი გვატემალელი ბავშვი, რომელიც მშობლებთან ერთად დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის. ისინი სპეციალურ განყოფილებებში იყვნენ მოთავსებული. დაწყებულია გამოძიება ბავშვების სიკვდილის მიზეზების დასადგენად.

მიგრაციაზე და მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებაზე აზრთა სხვაობის გამო, დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიან ფედერალური მთავრობის დაფინანსებაზე, რის გამოც უკვე კვირაზე მეტია, გრძელდება „შატდაუნი“ - სამინისტროებისა და უწყებების ნაწილი დაფინანსების გარეშეა დარჩენილი.

ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დამატებითი სახსრების გამოყოფას კედლის ასაშენებლად, რაზეც დემოკრატები უარს ამბობენ. მათი აზრით, შეუძლებელია მიგრაციის პრობლემის საპოლიციო ზომებით მოგვარება.

XS
SM
MD
LG