საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ახალი პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, კომიტეტის ამოცანა უნდა იყოს ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ მართლმსაჯულება არ დაზარალდეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სამართლიანი იყოს. ფოფხაძის თქმით, იურიდიული კომიტეტის მთავარი დღის წესრიგია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ღირსეული და კარგი რეპუტაციის მქონე კანდიდატების შერჩევა.
„მე თანამდებობა არ შემიძენია. აქამდეც ვიკავებდი თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ყველას პრინციპულად გვაინტერესებდა ის, რომ იურიდიული კომიტეტი არ იქცეს გამტარად უღირსი მოსამართლეების საპარლამენტო სესიაზე“ - უთხრა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ. მისი თქმით, მთავარია შერჩევის პროცედურა გაიწეროს ისე, რომ ქვეყანას ჰყავდეს ღირსეული მოსამართლეები. „აქ ვიღაცისთვის ნიშნის მოგება ჩვენი მიზანი არ არის. ამ თემას ნუ გადავფარავთ პერსონალიებით. აქ ირაკლი იქნება კობახიძე, თუ ვანო ზარდიაშვილი, ყველამ უნდა აღიაროს ის, რომ გვჭირდება ღირსეულ მოსამართლეთა კორპუსი. მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მოიგო იმ გუნდმა, ვისაც უნდა უკეთესი მართლმსაჯულება საქართველოში. ვინ წააგო, არ ვიცი, მაგრამ საქართველომ მოიგო. თუ ვინმეს თავის თავი წაგებული ჰგონია, ეს არის არაადეკვატური“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დღეს აირჩიეს. ფოფხაძემ ამ თანამდებობაზე შეცვალა ვანო ზარდიაშვილი, რომელიც 27 დეკემბერს გადადგა მიზეზის საჯაროდ დაუსახელებლად. იმავე დღეს თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. ამ გადაწყვეტილებით, როგორც ბესელიამ თქვა, შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი. ერთი დღით ადრე, 26 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო იუსტიციის საბჭოს მიერ 24 დეკემბერს წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატურის განხილვა. შესაბამისად, ეკა ბესელიას მოუწია იმის განმარტება, თუ რატომ გამოაცხადა გადადგომის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკითხის განხილვა გადადო. „მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.