„იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. იგი ამბობს, რომ მისი ზომიერი კრიტიკა შეეხებათ მოსამართლეებს, რომლებმაც უარი არ თქვეს „ძალადობრივი რეჟიმის სამსახურში“ ყოფნაზე. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში ბევრი ღირსეული ადამიანია და ამიტომ მისი საყვედური ყველას არ ეხება:
„შესაბამისად, არც დისკრიმინაციული იქნება გამონათქვამი, როცა ვამბობ, რომ „ძალადობრივი რეჟიმის მსახური“. იმიტომ რომ იყვნენ მოსამართლეები, ვინც დატოვა თანამდებობები და წავიდნენ, იყვენენ მოსამართლეები, რომლებიც გაყარეს, იმიტომ რომ არ იყვნენ რეჟიმის მსახური. ამიტომ ყველა ერთ ქვაბში ვერ იქნება მოხარშული“, - აღნიშნავს ეკა ბესელია.
დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თავიანთი მორალითა და პროფესიონალიზმით არ შეეფერებიან თანამდებობას.
"ეს ადამიანები არიან ბიუროკრატიული აპარატი, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოიპოვონ პირველ, მეორე და მესამე ინსტანციაზე, რაც მათ არ გამოუვათ. ვფიქრობ, ამ განცხადებებით ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გაიხადეს მოსამართლის მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, სადაც ვპირდებით მათ, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ. ცოტა ხანში საკითხი დადგება ისე, რომ, ვფიქრობ, უნდა დავემშვიდობოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმიტომ, რომ ეს ადამიანები თავისი მორალით, საქციელით და პროფესიონალიზმით არ შეეფერებიან მოსამართლეობას. შესაბამისად, ის კრიტერიუმები, რომელსაც ჩვენ გავწერთ გაზაფხულზე და რომელიც უნდა დააკმაყოფილონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბუნებრივია, გავრცელდება პირველ და მეორე ინსტანციის მოსამართლეებზეც. ამ სტანდარტს დაადგენს საზოგადოება", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი სასამართლოს დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს.