Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა


კიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პეკინში იმყოფება ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მიწვევით. ვიზიტის შესახებ, რომელიც 7 იანვარს დაიწყო და 10 იანვრამდე გაგრძელდება, წინასწარ არაფერი იყო ცნობილი. ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოებმა ინფორმაცია მხოლოდ 8 იანვარს, პეკინში კიმ ჩენ ინის ჩასვლის შემდეგ გაავრცელეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ცოლთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ფხენიანიდან ჩინეთში ჯავშნიანი მატარებლით გაემგზავრა. სამხრეთ კორეული მედია იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოსაზღვრე ჩინეთის ქალაქ დანდუნის რკინიგზის სადგურში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იყო მიღებული. 2018 წელს კიმ ჩენ ინი პეკინს სამჯერ სტუმრობდა. ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ამჟამინდელი ვიზიტი მიზნად ისახავს ფხენიანის და პეკინის კოორდინირებული მოქმედებების შეთანხმებას კიმ ჩენ ინის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის წინ. ამ დღეებში ტრამპმა განაცხადა, რომ კიმისგან მიიღო შესანიშნავი წერილი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა ორივე მხარეს სურს. დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მორიგი შეხვედრის სავარაუდო ადგილად ვიეტნამი სახელდება. აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირველი მოლაპარაკება 2018 წლის ივნისში, სინგაპურში გამართეს და შეთანხმდნენ, რომ კორეის ნახევარკუნძული ბირთვული იარაღისგან უნდა გათავისუფლდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG