Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა გაიმეორა გაფრთხილება, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისევ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, თუ არ გადაწყდება მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების საკითხი.

ამ თემას ის შეეხო ტეხასის შტატში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. ტრამპის თქმით, ის ჯერ არ არის მზად საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად, მაგრამ იქნება - თუ ვითარება არ შეიცვალა.

აშშ-ის სახელმწიფო საერთაშორისო მოუწყებლის, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ტეხასის ქალაქ მაკკალენში ვიზიტისას, ტრამპი გამართავს ბრიფინგს საზღვარზე უსაფრთხოების შესახებ და დაათვალიერებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს მდინარე რიო-გრანდესთან. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო წლებში სწორედ ამ სექტორში დააკავეს ყველაზე დიდი რაოდენობით უკანონო მიგრანტები.

8 იანვარს ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის თითქმის ორწლიან ისტორიაში პირველად მიმართა ტელევიზიით აშშ-ის მოსახლეობას. მან „ჰუმანიტარული კრიზისი“ უწოდა მექსიკასთან საზღვარზე უკანონო იმიგრაციით გამოწვეულ ვითარებას და კანონმდებლებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საზღვარზე კედლის აგების დაფინანსებას.

მანამდე ტრამპმა კონგრესისაგან მოითხოვა 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფა კედლის ასაშენებლად. მაგრამ დემოკრატი კონგრესმენები მხარს არ უჭერენ ამ გეგმას. შედეგია მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება, რაცა უკვე მესამე კვირა გრძელდება.

სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილი იძულებით უხელფასო შვებულებაშია.

XS
SM
MD
LG