აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეკონომიკური განადგურებით დაემუქრა თურქეთს, თუ ის სირიაში ქურთების პოზიციებზე შეტევას გადაწყვეტს. ქურთი მეამბოხეების რაზმები, რომლებიც თურქეთის საზღვართან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებს აკონტროლებენ, აშშ-ის მოკავშირეები არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. თავის მხრივ, ანკარა სირიელი ქურთების გასამხედროებული ჯგუფების უმეტესობას ტერორისტებად მიიჩნევს და ბრალს სდებს თურქეთში აკრძალულ, ქურთთა მოძრაობასთან კავშირში. 12 იანვარს, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთმა სირიასთან მოსაზღვრე რაიონში გაგზავნა ტანკების და ჯავშანმანქანების კოლონა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიელი ქურთებიც გააფრთხილა, არ დაუშვან თურქეთის, რუსეთის და ირანის პროვოცირება. 14 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ დაიწყო სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა, თუმცა, გაგრძელდება დარტყმები იმ ადგილებზე, სადაც ჯერ კიდევ რჩებიან ექსტრემისტები „ისლამური სახელმწიფოდან.“