Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელმა კანონმდებლებმა უარყვეს პრემიერ-მინისტრის "ბრექსიტის" გეგმა


ბრიტანელმა კანონმდებლებმა დიდი უმრავლესობით, 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ უარყვეს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმა "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რომელზეც ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა ნოემბერში მოილაპარაკეს.

კენჭისყრა გაიმართა 10 კვირით ადრე, სანამ ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესი უნდა განხორციელდეს. მეის გეგმა უარყვეს როგორც ევროკავშირის, ისე ბრექსიტის მხარდამჭერმა პარლამენტარებმა. ამ გეგმის რატიფიცირების გარეშე, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს 29 მარტს.

ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ გარკვეული შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ეკონომიკას ქაოსი ემუქრება. მეის გეგმას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მათ შორის მისივე პარტიიდან - რომლებიც თვლიან, რომ გეგმა ბრიტანეთს კვლავ დააკავშირებდა ევროკავშირის წესებთან და მას საშუალებას არ მისცემდა ეწარმოებინა დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკა.

ევროკავშირში დარჩენის მომხრეები კი ამბობენ, რომ ეს შეთანხმება უარესია, ვიდრე ამჟამინდელი ვითარება, რომელშიც ბრიტანეთს წევრის სტატუსით აქვს ევროკავშირში ეკონომიკური კავშირები. ევროკავშირში დარჩენის მომხრეები რეფერენდუმის ხელახლა გამართვას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც 2016 წლის რეფერენდუმში უმრავლესობა მიემხრო „ბრექსიტს“.

XS
SM
MD
LG