პოლიციელებმა თბილისის ცენტრში, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული გ.ა. დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
შსს-ს განცხადებით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.“ შსს-ს ცნობითვე, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა გ.ა, რომელიც თავადაც დაჭრილია, საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გ.ა-ს დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. . გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის კოდექსით, განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება 7-დან 15 წლამდე, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.