ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს დღეს ბრალს საავადმყოფოში წარუდგენენ. 17 იანვარსვე წარუდგენენ ბრალს მასთან ერთად დაკავებულ მის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გიორგი ადუაშვილმა, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გიორგი ადუაშვილი დააკავა. ის სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ადუაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.