Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა ახალი დეტალები პოლ მანაფორტსა და მის რუს ბიზნესპარტნიორს შორის ურთიერთობებიდან


პოლ მანაფორტი (მარცხნივ) და კონსტანტინ კილიმნიკი.
პოლ მანაფორტი (მარცხნივ) და კონსტანტინ კილიმნიკი.

ცნობილი გახდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროს პოლ მანაფორტსა და მის ბიზნესპარტნიორს, უკრაინაში მომუშავე რუსეთის მოქალაქე კონსტანტინ კილიმნიკს შორის ურთიერთობების ახალი დეტალები. სხვადასხვა ინფორმაციით, კილიმნიკი კრემლთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაახლოებული.

მანაფორტი უკვე არის გასამართლებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით. ახლა სასამართლო მის მიმართ მეორე საქმეს განიხილავს. კილიმნიკს დაუსწრებლად წაეყენა ბრალდება ამ საქმესთან დაკავშირებით. ახლახან ცნობილი გახდა, რომ სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა სასამართლოს შეატყობინა, რომ მანაფორტმა არასწორი ინფორმაცია წარმოადგინა კილიმნიკთან თავისი კონტაქტების შესახებ. მიულერის თქმით, ეს ერთ-ერთია, სულ ცოტა ხუთი შემთხვევიდან, როცა მანაფორტმა ტყუილი უთხრა გამოძიებას, რითიც დაარღვია თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.

რადიო თავისუფლება გაეცნო დოკუმენტებს, რომლებიც მიულერის გუნდმა წარუდგინა სასამართლოს. ისინი შეიცავს მონაცემებს მანაფორტისა და კილიმნიკის კავშირებზე 2016 წელს, როცა მანაფორტი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტრამპის საარჩევნო შტაბს, და 2017-შიც კი, როცა მის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობდა გამოძიება.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის მარტამდე მანაფორტი და კილიმნიკი განიხილავდნენ ე.წ. „ახალ სამშვიდობო ინიციატივას“.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არ არის ლაპარაკი ამ ინიციატივისა და ეჭვმიტანილთა საუბრების დეტალების შესახებ.

2017 წელს რადიო თავისუფლებისთვის მოცემულ ინტერვიუში კილიმნიკი ლაპარაკობდა ე.წ. „მარიუპოლის ინიციატივაზე“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნებას დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების ხელმძღვანელად. ამ რაიონებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

თუკი მანაფორტს კავშირი აქვს ამ გეგმასთან, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ის მუშაობდა კრემლისთვის პოტენციურად მომგებიან გეგმაზე იმ დროს, როცა ის მუშაობდა ტრამპის საარჩევნო შტაბში და იმ დროს, როცა სავარაუდოდ ხდებოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა. არ არის ნათელი, მანაფორტი სამშვიდობო გეგმას კერძო პირის სტატუსით განიხილავდა, თუ რაიმე უფლებამოსილებებით იყო აღჭურვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG