Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა "შატდაუნის" გამო გააუქმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის უცხოეთში ვიზიტი


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების, „შატდაუნის“ გამო უნდა გადაიდოს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტები ბელგიაში, ეგვიპტესა და ავღანეთში. პელოსისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა 800 000 ამერიკელი მოხელე ხელფასს ვერ იღებს, დარწმუნებულია, რომ წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე მართებულად ჩათვლის პიარღონისძიების გადადებას. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება ნენსი პელოსი ვაშინგტონში იყოს და პრეზიდენტთან აწარმოოს მოლაპარაკება სასაზღვრო უსაფრთხოების და ‘შატდაუნის“ დასრულების შესახებ.

მანამდე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გადადოს კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვა, რომელიც 29 იანვარსაა დაგეგმილი. ნენსი პელოსიმ მიზეზად დაასახელა „შატდაუნი,“ რომლის გამოც რთული იქნება კონგრესის შენობაში პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პელოსიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „შატდაუნის“ გამო უსაფრთხოების სამსახური საკმარის დაფინანსებას ვერ იღებს, ამიტომ დონალდ ტრამპს შეუძლია კონგრესს თეთრი სახლიდან მიმართოს.

აშშ-ის ფედერალური მთავრობა 22 დეკემბრიდან იმყოფება „შატდაუნის“ მდგომარეობაში. საბიუჯეტო საკითხებზე პრეზიდენტის და კონგრესის შეუთანხმებლობის გამო 800 ათასამდე სახელმწიფო მოხელე იძულებით შვებულებაშია, ან უხელფასოდ მუშაობს. აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი კონგრესისგან 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საზღვრის დაცვა და არალეგალური იმიგრაციის და აშშ-ში ნარკოტიკების შეტანის შეჩერება. დემოკრატები, რომლებმაც ნოემბრის არჩევნების შედეგად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და პრეზიდენტს საზღვრის უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ზომების დაფინანსებას სთავაზობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG