91-მდე გაიზარდა მექსიკაში მილსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, იუწყება სააგენტო Reuters. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო მანამდე 85 დაღუპულის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
მექსიკის ხელისუფალთა განცხადებით, 54 ცხედარი იმდენად დამწვარია, რომ მათი ამოცნობა მხოლოდ დნმ-ის ანალიზით იქნება შესაძლებელი. საავადმყოფოებში რჩება 72 დაშავებული.
მექსიკის ქალაქ ტლაუელილპანში მილსადენზე აფეთქება 19 იანვარს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიამ Pemex-მა მილსადენის დაზიანების შესახებ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე იცოდა, თუმცა, ნავთობის გაჟონვის მასშტაბი სათანადოდ ვერ შეაფასა და მილსადენის გადაკეტვა საჭიროდ არ ჩათვალა. უცნობმა პირებმა მილსადენი განზრახ დააზიანეს, რის შემდეგაც ათასამდე ადგილობრივმა მცხოვრებმა დაიწყო დაზიანებული მილიდან საწვავის მიტაცება.
მექსიკაში ამჟამად საწვავის დეფიციტია. 2018 წლის დეკემბერში, მთავრობამ რამდენიმე მილსადენი დაკეტა საწვავის მიტაცების აღსაკვეთად. ბენზინის ტრანსპორტირება დაცული ცისტერნებით ხდება. მთავრობის ახალი პოლიტიკის გამო, ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგებია. მექსიკელები საწვავის მარაგის შექმნას ცდილობენ. 19 იანვარს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მექსიკის მთავრობამ განაცხადა, რომ საწვავის მიტაცებასთნ ბრძოლის პოლიტიკა არ შეიცვლება.