ქართველი ძიუდოისტები საერთაშორისო სეზონს 24-26 იანვარს გახსნიან ისრაელში გასამართი პრესტიჟული ტურნირით. ტელ-ავივის გრან პრიზე საქართველოდან მხოლოდ ქალთა ნაკრები გავა ტატამზე. გიორგი თენაძის გაწვრთნილი გუნდის განაცხადში ერთი სიახლეა - 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იჭიდავებს უკრაინელი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, რომელიც ასევე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მეუღლეა.
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი 28 წლისაა. საერთაშორისო არენაზე მისი წარმატებებიდან გამოსარჩევია ევროპის საკლუბო და სანაკრებო ჩემპიონატებზე მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შეტანილ ინდივიდუალურ შეჯიბრებებზე კი ერთადერთხელ მოხვდა საპრიზო სამეულში - 2014 წელს, თბილისის გრან პრიზე მესამე ადგილი დაიკავა. არის უკრაინის 2015 წლის ჩემპიონი.
ტატიანას მეუღლე, ბეთქილ შუკვანი, ამჟამად ბეკირ ოზლუს სახელით თურქეთის ნაკრების ღირსებას იცავს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2013 წლამდე გამოდიოდა. 2011 წელს ის ევროპის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ტელ-ავივის გრან პრიზე ლევიცკა-შუკვანის გარდა საქართველოს სახელით იჭიდავებენ: მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).