Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში იაპონიის საელჩოსთან კურილის კუნძულების გადაცემის მოწინააღმდგეები დაკავეს


იაპონიის საელჩოსთან მოსკოვში 11 პირი დააკავეს. ისინი იაპონიისთვის კურილის კუნძულების გადაცემის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ. ცნობა გაავრცელა პორტალმა „ოვდ-ინფომ“ „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერ სერგეი უდალცოვზე დაყრდნობით.

ცნობი თანახმად, საელჩოსთან შედგა შეხვედრა დეპუტატებთან. უდალცოვის თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს პლაკატები ჩამოართვა.

სამშაბათს იმართება იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. 21 იანვარს კრემლის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ იაპონიიდან ჯერ არ მიუღიათ ოფიციალური წინადადება რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადების პირობების თაობაზე.

უფრო ადრე იაპონიის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბე განიხილავს რუსეთისთვის სამხრეთ კურილის კუნძულების ნაწილის, კუნძულ შიკოტანის და არქიპელაგ ჰაბომაის გადაცემას. 14 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იაპონელ კოლეგა ტარო კონოსთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ კურილის კუნძულებზე რუსეთის სუვერენიტეტის თემა არ განიხილება.

იაპონია არ აღიარებს რუსეთის კუთვნილებად კურილის არქიპელაგის სამხრეთით მდებარე კუნძულებს - იტურუპს, შიკოტანს, კუნაშირსა და ჰაბომაის. ამ კუნძულების გარშემო წარმოშობილი დავის გამო რუსეთსა და იაპონიას დღემდე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არ დაუდიათ სამშვიდობო შეთანხმება. კუნძულები საბჭოთა ჯარმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG