შპს „ვარკეთილაირი“ მომხმარებელს მოუწოდებს ნუ დაამონტაჟებენ საცხოვრებელ ბინაში კუსტარულ ან არასტანდარტულ დანადგარებს. საგანგებო განცხადება კომპანიამ თბილისში, ვარკეთილი 3-ის დასახლებაში 21 იანვარს სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა.
განცხადებაში შპს მიმართავს ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მიიღოს შესაბამისი დადგენილება, რომლითაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აეკრძალებათ არასტანდარტული გაზის დანადგარების ბინაში დამონტაჟება. კომპანია არასტანდარტული გაზის დანადგარის აღმოჩენის შემთხვევაში მათი მფლობელების ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმებასაც ითხოვს.
„ორგანიზაციამ ასეულობით აბონენტს “ჩაუჭრა“ არასტანდარტული დანადგარი, აღნიშნული დასტურდება მათ მიერ შედგენილი შესაბამისი გაფრთხილებისა და ბუნებრივი აირის შეწყვეტის შესახებ შედგენილი აქტებით.
მიუხედავად კომპანიის მიერ მიღებული ზემოაღნიშნული ზომებისა, ხშირ შემთხვევაში, ის აბონენტები, რომლებიც მოიხმარენ არასტანდარტულ გაზის გამათბობლებს, კომპანიის თანამშრომლების შემოწმების მიზნით ვიზიტის დროს, მალავენ გაზის გამათბობელს, ვიზიტის დასრულების შემდეგ კი, თვითნებურად აერთებენ და აგრძელებენ მის მოხმარებას. სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან გვაქვს საქმე განსახილველ შემთხვევაშიც,“- აღნიშნულია „ვარკეთილაირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ბინაში, რომელშიც 21 იანვარს ორი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, მოქალაქეს არასტანდარტული გამათბობელი, ეგრეთ წოდებული რეფლექტორი ჰქონდა დამონტაჟებული.