თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოსავლენად კონკრეტულ ღონისძიებებს იწყებს. კერძოდ, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით ბაგა-ბაღებმა ბენეფიციარების გეგმიური აცრის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ბაგა-ბაღებს დაევალათ ასევე მშობლებისა და ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლების შესაბამისი ინფორმაციული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
სააგენტოს დირექტორის ბრძანების შესაბამისად, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში წითელაზე აცრა სავალდებულო ხდება საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირებისთვისაც. თუ ბენეფიციარი ორი თვის ვადაში არ აიცრება, დღის წესრიგში მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგება.