რუსეთის მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა შტურმით აიღეს თვითმფრინავი, რომელის ერთ-ერთი მგზავრიც მის გატაცებას ცდილობდა და რომელიც ხანტი-მანსიისკის აეროპორტში დაეშვა.
ტელეარხ „Mash”-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულ იქნა. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მანამდე გავრცელდა ცნობები სურგუტ-მოსკოვის რეისის მგზავრის დაკავებაზე, მაგრამ მალე რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედი ჯერ კიდევ თვითმფრინავშია და არ არის დაკავებული.
"ტასის" მონაცემებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 70-ზე მეტი მგზავრი, მათ შორის ბავშვები. აეროპორტში შექმნილია ოპერატიული შტაბი.
უფრო ადრე "ინტერფაქსი" იუწყებოდა, რომ 41 წლის მგზავრი რუსეთის მოქალაქეა და მოითხოვდა „აეროფლოტის" თვითმფრინავის ავღანეთში დაჯდომას.
„რია ნოვოსტის“ მონაცემებით, ეკიპაჟმა შეძლო მისი დარწმუნება, რომ საჭირო იყო ხანტი-მანსიისკში დაჯდომა საწვავის დასამატებლად. ამ წყაროს თანახმად, მგზავრი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.