Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ამერიკელს საქმე შეუთითხნეს


აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ყოფილი წევრის, ამაჟამად ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში დაკავებული პოლ უილანის ადვოკატის თქმით, მისმა კლიენტმა არ იცოდა, რომ USB მეხსიერების ბარათი, რომელიც მას დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სასტუმროს ოთახში გადასცეს, შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლობებს. მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლომ უილანის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა, 22 იანვარს ადვოკატი ვლადიმირ ჟერებენკოვი ჟურნალისტებს ესაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი კლიენტი დადგმული სცენის მსხვერპლი გახდა. ადვოკატის თქმით, უილანს ეგონა, რომ USB ბარათი შეიცავდა რუსეთში მისი წინა ვიზიტების ამსახველ ფოტოებს. "რატომ აღმოჩნდა, რომ იქ სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი ინფორმაცია იყო, კვლავ გაურკვეველია" - ამბობს ადვოკატი. უილენი, რომელიც ასევე ირლანდიის, კანადის და ბრიტანეთის მოქალაქეა, 28 დეკემბერს, მოსკოვში დააპატიმრეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენენლებმა. რუსეთის უწყებები ამბობენ, რომ ის ჯაშუშობის აქტის მომენტში დააკავეს და, შესაბამისად, ბრალდების დადასტურების შემთხვევაში მას 10-დან 20 წლამდე ემუქრება პატიმრობა. ჟერენებკოვი ამბობს, რომ მისი კლიენტი თავს დამნაშავედ არ ცნობს. უილენის ოჯახი ამერიკაში აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა, ჯაშუში არ არის და მოსკოვში მისი ვიზიტის მიზანი იყო მისი მეგობრისა და რუსი ქალის ქორწილის ცერემონიაზე დასწრება.

XS
SM
MD
LG