Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკომ ოფიციალურად წამოაყენა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე


უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ, ოფიციალურად გამოაცხადა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ.

მან ამის შესახებ განაცხადა 22 იანვარს კიევში, თავის პარტია „ბატკივშჩინის“ (მამული) ყრილობაზე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, სწორედ ტიმოშენკოა მიჩნეული ფავორიტად.

58 წლის ტიმოშენკო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია. ის სათავეში ედგა 2004 წლის ნარინჯისფერ რევოლუციას პრეზიდენტობის მაშინდელ კანდიდატთან, ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად. იუშჩენკოს გამარჯვების შემდეგ, ტიმოშენკო პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, მაგრამ ცხრა თვეც არ გასულა და პრეზიდენტთან უთანხმოებას მისი გადაყენება მოჰყვა.

2007-2010 წლებში ტიმოშენკო ისევ პრემიერ-მინისტრი იყო და საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად ჩაერთო 2010 წელს, მაგრამ დამარცხდა მოსკოვის მხარდამჭერ კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩთან.

2011 წელს, იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას, მას შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციის ბრალდებით. ტიმოშენკო გათავისუფლებულ იქნა 2014 წელს, როცა პროევროპულმა, ანტიკორუფციულმა საპროტესტო მოძრაობამ გადადგომა აიძულა იანუკოვიჩს.

იმავე წელს მან კვლავ წამოაყენა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ დამარცხდა პეტრო პოროშენკოსთან. ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი პოროშენკო თავის კანდიდატურას წამოაყენებს 31 მარტის არჩევნებისათვისაც, მაგრამ მას ეს ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG