ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებულ მაგნიტსკის სიის რეზოლუციის შესწორებას, რითაც მხარი დაუჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას.
„ევროპული საქართველოს“ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე წარადგინა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. „ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას ოჯახებს, რომ მკვლელები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ. საერთაშორისო სამართლებრივი ზომების და სანქციების გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული პირები ვერ უნდა ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას. ევროპარლამენტის და აშშ-ს კონგრესის შემდეგ უკვე ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერილია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო სანქცია.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის.