4 წლის ბავშვის გარდაცვალებასა და ამ საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოში მოკვლევა დაიწყო. უწყების შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის კახა ძიმისტარაშვილის განცხადებით, დამატებით დეტალებზე, ამ ეტაპზე, უწყება ვერ ილაპარაკებს.
4 წლის გოგონა 22 იანვარს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს. საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.
ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, ბავშვის დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ დაღუპული გოგონას დედა ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.
იმყოფებოდნენ თუ არა სოციალური მომსახურების აგენტები 6 იანვრის შემდეგ ოჯახში ბავშვის მდგომარეობის შესამოწმებლად, ამ კითხვაზე პასუხს სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ეტაპზე არ იძლევა და აცხადებს, რომ მხოლოდ შიდა აუდიტის მოკვლევის დასრულების შემდეგ გაკეთდება დამატებითი კომენტარები.