ბავშვი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში წყლის ნაცვლად სავარაუდოდ სადეზინფექციო ხსნარი დალია, იაშვილის სახელობის კლინიკის ტოქსიკოლოგიის განყოფილებაში მკურნალობს. კლინიკის თანახმად, გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესებულია და იგი კლინიკაში რჩება. როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა შამილიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგი კარგადაა, საკვებსაც ღებულობს და ამ დღეებში გაწერენ კიდეც კლინიკიდან.
შემთხვევას, რომელიც 21 იანვარს მოხდა, მამუკა შამილიშვილი შემდეგნაირად აღწერს:“ ვირუსებთან დაკავშირებით ჯგუფების დეზინფექციას ამ ხსნარით დღეში ორჯერ ვატარებთ. დილით ძიძამ დეზინფექცია რომ ჩაატარა, გაზავებული სითხე დარჩა და შესანახ კონტეინერში მის ჩაბრუნებას აპირებდა.ამ დროს შემოსულან ბავშვები. ერთი ბავშვი ძიძას სამზარეულოში შეჰყოლია და წყალი მოუთხოვია. წყლის დასხმის დროს ძიძას ინსტიქტურად დაუდია სითხიანი სინჯარა მაგიდაზე. სანამ ეს ჭიქა აივსებოდა, მოვბრუნდი და ტუჩებთან ჰქონდა უკვე მიტანილიო-ასე გვითხრა ძიძამ. ბავშვის მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, მას სითხე სავარაუდოდ დალეული არ აქვს, მაგრამ პირის ღრუში მოხვედრილია. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.“- გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.
ბავშვის სადეზინფექციო ხსნარით შესაძლო მოწამვლის ფაქტს ბაღში არსებული სპეციალური დისციპლინური კომისია სწავლობს. მამუკა შამილიშვილის თანახმად, მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ზომები იქნება გატარებული ძიძის მიმართ. არ გამოირიცხება მისი სამსახურიდან გათავისუფლებაც.შსს-ს თანახმად, მოკვლევა დაიწყეს სამართალდამცავებმაც.