Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქ კირილესა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს „ვერ მიართვეს“ პროფესორის წოდება


პატრიარქი კირილე და ვლადიმირ პუტინი
პატრიარქი კირილე და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა 22 იანვრის სხდომის დღის წესრიგიდან მოხსნა პატრიარქ კირილესა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოსთვის „მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პროფესორის“ წოდების მინიჭების საკითხი.

რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს ჰკითხა, რას ფიქრობდნენ ამ პირების პროფესორობასა და იმაზე, თუ როგორ ანიჭებს აკადემია წოდებას. აკადემიკოსები და სხვანი აცხადებენ, რომ ცნობას, რომ პატრიარქს და საბჭოს თავმჯდომარეს ანიჭებენ საპატიო პროფესორის წოდებას, აღშფოთების ტალღა მოჰყვა აკადემიკოსებსა და, საერთოდ, მეცნიერებს შორის. 18 იანვარს პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ კირილესა და მატვიენკოს პროფესორის წოდება მიანიჭეს. შემდეგ აკადემიის პრესსამსახურმა გამოაცხადა, მინიჭების საკითხი სხდომაზე კენჭისყრით უნდა გადაწყვეტილიყოო. ახლა კენჭისყრაც გაუქმდა.

იური ბალეგა, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ ამ ორი პირისთვის „პროფესორის საპატიო წოდების“ მინიჭების საკითხი სათანადოდ არ იქნა წინასწარ განხილული. ბალეგა გვამცნობს: „რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წოდების მინიჭება დიდი ხანია შემოიღეს, რათა მხარი დაეჭირათ მათთვის, ვინც რუსეთის მეცნიერების განვითარებაში შეიტანა წვლილი. წოდება დღემდე მხოლოდ 11 პირს მიანიჭეს. პირველები იყვნენ მოსკოვის ყოფილი მერი, ლუჟკოვი, პატრიარქი ალექსი, ასევე სამშენებლო კომპლექს „მოსკოვის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმირ რესინი, რომელიც დეპუტატის მანდატსაც ფლობდა“, გვიამბობს ბალეგა, რომელიც იქვე დასძენს, მოსკოვის ახლანდელი მერისთვის პროფესორის საპატიო წოდების მინიჭების საკითხი არ განგვიხილავსო.

იური ბალეგა
იური ბალეგა

ასეთ წოდებას ამ სამი პირის გარდა ფლობენ ვიეტნამის პრეზიდენტი, ჩან დიკ ლიუნგი, დანიის ფირმა Grundfos-ის ხელმძღვანელი, ჰალროდ ფრედერიკ აკსელ ტოპსე, ყირგიზეთის პრეზიდენტი, ასკარ აყაევი, ფრანგი ონკოლოგი, დავიდ ჰიათი, ინდოეთის პრეზიდენტი, აბდულ კალამი, ისრაელის პრეზიდენტი, შიმონ პერესი, გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი, ასევე იუნესკოს გენერალური დირექტორი, ირინა ბოკოვა.

მეცნიერთა აღშფოთება არა მხოლოდ იმ ფაქტს გამოუწვევია, რომ კენჭისყრამდე გამოცხადდა საპატიო წოდების მინიჭების შესახებ, არამედ იმას, რომ ასეთი გაგება რუსეთის აკადემიის ახალ, 2014 წელს მიღებულ, წესდებაში საერთოდ აღარ არსებობს, ამოღებულია, ძველი წესდებისგან განსხვავებით. მაგრამ არ იფიქროთ, რომ აკადემიკოსები მკაცრად მისდევენ ახალ წესდებას. ბან კი მუნს, ბოკოვას, პერესს საპატიო წოდება ახალი წესდების შემოღების შემდეგ, 2012 და 2015 წლებში, მიანიჭეს. მაგრამ ბალეგა ამაში პრობლემას ვერ ხედავს და გვიმხელს, რომ კიდევ უფრო ახალი წესდება მუშავდება და მასში საპატიო წოდების ფენომენი აღდგენილი იქნება, მით უმეტეს, რომ არსებობს აკადემიის პრეზიდიუმის 1997 წლის საგანგებო დადგენილება, რომელიც ეხება ასეთი წოდების შემოღებას. აკადემიკოსი იური ასპესიანი თვლის, რომ ეს სამარცხვინო ამბავია. საპატიო წოდება უნდა მიენიჭოთ მეცნიერებს და არა მოხელეებს, უთხრა მან ჩვენს რადიოს.

ასკოლდ ივანჩიკიც აკადემიკოსია და ის სხვაგვარად ფიქრობს: არაფერი საშინელი ასეთი წოდების მინიჭებაში არ არის, მაგრამ ეს ღიად უნდა კეთდებოდესო. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იური ბალეგა თავის პოზიციას, რომ პატრიარქსა და საბჭოს თავმჯდომარესაც უნდა ჰქონდეთ პროფესორის საპატიო წოდება, იმით ასაბუთებს, რომ „გვჭირდება ისეთი ხალხის მხარდაჭერა, ვისაც ქვეყანაში გავლენა აქვსო“. კირილეცა და მატვიენკოც, მათი დამსახურების გამო, ასეთ წოდებას იმსახურებენ, ამბობს ბალეგა. მართალია, რუსეთის აკადემია საპატიო პროფესორის წოდებას უკვე რა ხანია ანიჭებს პოლიტიკოსებსა და მოხელეებს, კირილესთვის ამ წოდების მინიჭების ცნობას მოჰყვა მძაფრი და ხშირად სარკასტული რეაქცია სოციალურ ქსელებში, არა მხოლოდ აკადემიურ წრეებში, არამედ მათ შორისაც, ვისაც არა აქვს კავშირი მეცნიერებასთან. თავისთავად ცდა პატრიარქისთვის პროფესორის წოდების მინიჭებისა, შეიძლება თავისებური ურთიერთთავაზიანობის აქტი იყოს.

პატრიარქი კირილე და ვლადიმირ პუტინი
პატრიარქი კირილე და ვლადიმირ პუტინი

შარშან დეკემბერში მოსკოვისა და კოლომენსკის მიტროპოლიტ მაკარის სახელობის პრემიები მიანიჭეს აკადემიკოსებსა და მოსკოველ მეცნიერებს. ცერემონიას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, აკადემიკოსები და მათ შორის აკადემიის პრეზიდენტი, ალექსანდრე სერგეევი. პატრიარქს ბაასი ჰქონდა სერგეევთან და სიტყვაც წარმოთქვა, მეცნიერები გააფრთხილა „პიროვნებისთვის ზიანის მიყენების“ მხრივ და მოუწოდა მათ „ეკლესიასა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის დიალოგის განვითარებისკენ“. კირილესთვის ცნობილია მეცნიერების წვლილი კაცობრიობის განვითარებაში, მაგრამ რუსეთის პატრიარქი, ამასთანავე, მიიჩნევს, რომ სამეცნიერო მიღწევებმა შეიძლება კოლოსალური ზიანი მიაყენოს ადამიანს. ამავე დროს, მოსკოვის პატრიარქი ლაპარაკობს „კარგი მეცნიერების“ შესახებ. მისი აზრით, ეს არის ბირთვული ფიზიკა (ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, ის არ აყენებს ზიანს პიროვნებას). პატრიარქმა მკვლევრებს გაახსენა, რომ პირველი საბჭოთა ატომური ბომბი საროვში შეიქმნა. იქ არის საროვის ღვთისმშობლის მიძინების უდაბნო, მამათა მონასტერი, და ამ არეალში, პატრიარქის თქმით, ეკლესიასთან დიალოგი შედგა. კირილე ამბობს, რომ იქ, ...“საროვის ცნობილ ინსტიტუტში, შეიქმნა ჩვენი ქვეყნის ბირთვული ფარი. წმინდა სერაფიმ საროველის დახურულ მონასტერში შეიქმნა ის, რამაც ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა განადგურებას გადაარჩინა“, ფიქრობს კირილე.

თვით პროფესორის საპატიო წოდების ლეგიტიმურობა აღელვებს რუსეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ელენა ბერეზოვიჩს, რომელიც ფიქრობს, რომ უადგილოა ასეთი სიტყვათშეთანხმება, როცა საქმე ეხება მოხელეებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც შეიძლება თავიანთ წვლილს აკადემიის განვითარებაში შეიტანენ, მაგრამ პროფესორის წოდება არ უნდა მიენიჭოთ. სიგელის მიცემაც შეიძლებოდა, თვლის ბერეზოვიჩი. ის დარწმუნებულია, რომ აკადემიკოსების აღშფოთების შესახებ ცნობამ პრეზიდიუმის ყურამდე მიაღწია და, ამასთან, პრეზიდიუმის წევრებიც ხედავენ, რა ხდება ფეისბუკში, კითხულობენ გაზეთებს. ბერეზოვიჩიცა და რადიო თავისუფლების სხვა რესპონდენტებიც თვლიან, რომ მცდარი ინფორმაცია მეცნიერებათა აკადემიის პრესსამსახურის არაპროფესიონალიზმის გამო გავრცელდა. ამ განყოფილებას ახლა სვეტლანა პოპოვა განაგებს. ის ადრე მედიაჰოლდინგ „ოჩევიდნოე ნევეროიატნოეს“ პროდიუსერი და ხელმძღვანელი იყო. პოპოვა რადიო თავისუფლებას 22 იანვარს უმტკიცებდა, რომ პატრიარქ კირილესა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოსთვის „მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პროფესორის“ წოდების მინიჭების საკითხი არ იყო მოხსნილი დღის წესრიგიდან. მანვე განმარტა, რომ ჟურნალისტებთან საუბარი მისი მოვალეობა არ არის და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ იური ბალეგასთან „გაგვიშვა“.

ვალენტინა მატვიენკო
ვალენტინა მატვიენკო

დაბოლოს, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ასტროფიზიკოსი სერგეი პოპოვი პატრიარქისა და საბჭოს თავმჯდომარისთვის პროფესორის საპატიო წოდების საკითხს განიხილავს და შეგვახსენებს, რომ საბჭოთა პერიოდშიც და აკადემიის რეფორმირებამდეც, 2013 წლამდე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია იყო უფრო ადმინისტრაციულ-სამმართველო და არა სამეცნიერო ორგანიზაცია. „რელიგიური კონფესიის ხელმძღვანელის ან პოლიტიკოსისთვის სამეცნიერო წოდების მინიჭება ყველა ნორმალურ მეცნიერში, უკეთეს შემთხვევაში, იწვევს სკეპტიკურ ღიმილს ან კიდევ აშკარა გაღიზიანებას. თუ სამეცნიერო ორგანიზაციას სურს, პირველ რიგში, სამეცნიერო და შესაბამისი ავტორიტეტი ჰქონდეს, ასეთი ქმედება არაა საჭირო. თუ ორგანიზაცია, როგორც რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, პრეტენზიას აცხადებს, პირველ რიგში, მმართველის როლზე, ასეთი რამ ხშირად მოხდება. ყველაფერი მშვიდად რომ ჩატარებულიყო, მხოლოდ ერთხელ გაესმებოდა ხაზი, რომ ეს არის ადმინისტრაციულ-სამმართველო ორგანიზაცია და არა მეცნიერების ორგანიზაცია“, ამბობს პოპოვი. მისი თქმით, უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ძალიან ძლიერი მკვლევრები ვერ ხდებიან აკადემიის წევრები და ინსტიტუტის დირექტორები კი აკადემიკოსები არიან. ისინი თავიანთ მემკვიდრეებად დირექტორებს მიიჩნევენ. ეს სტრუქტურა მუშაობს, როგორც საგანგებოდ ორგანიზებული „მეცნიერებათა სამინისტრო“. პოპოვი ხედავს, რომ აკადემიის, სულ მცირე, ერთი ნაწილი ამავე სულისკვეთებით აგრძელებს მუშაობას, მაგრამ, მეორე მხრივ, კარგია, რომ თითქოს მათაც უსმენენ, ვინც სხვაგვარად ფიქრობს.

XS
SM
MD
LG