Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპოლის მიერ ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე თბილისში პოლიციას ჩაბარდა


ქართველ სამართალდამცველებთან ჩაბარების წინ ჯეკ შეფერდმა ინტერვიუ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მისცა.
ქართველ სამართალდამცველებთან ჩაბარების წინ ჯეკ შეფერდმა ინტერვიუ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მისცა.

არაგანზრახი მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი თბილისში პოლიციას ჩაბარდა. შეფერდს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. ქართველ სამართალდამცველებთან ჩაბარების წინ ჯეკ შეფერდმა ინტერვიუ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მისცა.

ჯეკ შეფერდი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში უარყოფს ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლის მიხედვით 2015 წლის დეკემბერში ჯეკ შეფერდმა, რომელიც მაშინ 28 წლის იყო, ნასვამ მდგომარეობაში მდინარე ტემზაზე დიდი სისწრაფით მოძრავი საკუთარი კატერი ვერ დაიმორჩილა. ის უარყოფს, რომ ნასვამი იყო. კატერის ამოტრიალების შედეგად დაიღუპა შეფერდთან ერთად მყოფი 24 წლის შარლოტა ბრაუნი.

"ბიბისის" ცნობით მან ლონდონი 2018 წლის მარტში დატოვა, სასჯელი კი დაუსწრებლად ივლისში მიუსაჯეს. შეფერდმა აგვისტოში მიმართა სასამართლოს და განაჩენის გასაჩივრების უფლება ითხოვა. დეკემბერში მას ეს თხოვნა დაუკმაყოფილეს. 22 იანვარს ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა და ბრიტანეთისა და საქართველოს სამართალდამცველები ერთობლივად ცდილობდნენ მისი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენას.

23 იანვარს არაგანზრახი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პოლიციას ჩაბარდა. ქართული მხარე შეფერდს ბრიტანეთს გადასცემს, სადაც მას საშუალება ექნება გაასაჩივროს დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი.

XS
SM
MD
LG