Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: არასოდეს შევეგუებით, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს, რის უფლება აქვთ მეზობლებს


სალომე ზურაბიშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში. 2019 წ. 23 იანვარი.
სალომე ზურაბიშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში. 2019 წ. 23 იანვარი.

23 იანვარს ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, ბრიუსელში მისი პირველი საგარეო ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს კავშირები ნატოსთან.

"ჩვენ დავიცავით საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ეს მისწრაფება გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრები, და ეს რჩება საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად და იქნება ჩემი ექვსწლიანი მანდატის ერთ-ერთი პრიორიტეტი,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:44 0:00

მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს წვლილზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზების პროცესზე, ასევე შეეხნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს. საგანგებო ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხს და საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებთან ნატოს თანამშრომლობას.

პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგიმა თქვა, რომ საქართველო ნატოს ძალიან ღირებული პარტნიორია და ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ალიანსის საერთო უსაფრთხოების საქმეში.

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:01 0:00

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით განვაგრძოთ მუშაობა, იმისთვის რომ მოვამზადოთ საქართველო ნატოს წევრობისთვის. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე აძლიერებს თქვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ჩვენი ერთობლივი წვრთნების ცენტრის მონაწილეობით. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც თქვენ აღწევთ რეფორმების კუთხით, რომელიც მოიცავს უფრო ეფექტიან უსაფრთხოებასა და თავდაცვის ინსტიტუტებს, ასევე თქვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას,“ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოში წევრობის საკითხი თავად ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არავის აქვს უფლება შეეცადოს ამ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენას.

„ჩვენ არასოდეს შევეგუებით, რომ რუსეთმა იქონიოს გავლენის სფეროები, სადაც ის გადაწყვეტს, რის გაკეთება შეუძლიათ მეზობლებს და რის - არა,“ დასძინა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG