„საქართველო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას“,-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ უკვე არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი მტკიცე პოზიცია, რომ არ ცნობს ნიკოლას მადუროს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
”საქართველო სრულად უჭერს მხარს ხუან გუაიდოს ძალისხმევას, შექმნას გარდამავალი მთავრობა და ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, კანონის უზენაესობის აღდგენასა და ადამიანის უფლებების დაცვას. საქართველო იმედოვნებს, რომ ვენესუელაში პროცესები წარიმართება მშვიდობიანად, ქვეყნის კონსტიტუციის სრული დაცვით და ვენესუელელ ხალხს მიეცემა სამართლიან და თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.“-ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ ვენესუელის ლეგიტიმური ხელისუფლება მტკიცედ დაუჭერს მხარს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პატივისცემის თაობაზე.
აქვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზაობას, განავითაროს პარტნიორული ურთიერთობები ვენესუელის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით.