Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მიქაუტაძე უარყოფს არასრულწლოვნის ცემის ფაქტს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე სიცრუეს უწოდებს ბრალდებას იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანს ის ფიზიკურად გაუსწორდა. საუბარია 2016 წლის აგვისტოში, გონიოში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე, მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძე და მისი არასრულწლოვანი ვაჟი ფიგურირებენ. თამარ ხაჭაპურიძის მტკიცებით, მიქაუტაძე ფიზიკურად გაუსწორდა მის არასრულწლოვან შვილს.

„ეს არის ვიდეოზე აღბეჭდილი კადრები, სადაც აშკარად ჩანს, რომ თავს დამესხნენ კონკრეტული განხილული საქმის გამო და სხვა შეხება ამ ადამიანებთან არ მქონია. ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ის ბრალდებები, რომ ძალადობის ფაქტს ჩემი მხრიდან ჰქონდა ადგილი. ეს არის მორიგი სიცრუე, რომლითაც ახლა არის მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩემს წარსულსა და საქმიანობას“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მოსამართლის მხრიდან ძალადობის ფაქტი 28 იანვარს კიდევ ერთხელ გაიხსენა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გიორგი მიქაუტაძის უვადო მოსამართლედ გამწესების საკითხის განხილვის წინ საგანგებო განცხადებით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საია თვლის, რომ ძალადობის ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების პროცესში. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ეკა ციმაკურიძის თქმით, „საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც აშკარად ჩანს, რომ მიქაუტაძე ბავშვს ხელს მოუქნევს“ და „ასევე არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ბავშვისთვის სახის არეში მიყენებულ დაზიანებებს“. თუმცა მიქაუტაძის საქმეზე დაწყებული გამოძიება „გაჭიანურდა და ორ წელზე მეტია, კონკრეტული შედეგი არ დგება“.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებული გასაუბრების პროცესი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს უვადოდ გამწესება სურს თბილისის საქალაქო სასამართლოში ან სააპელაციო სასამართლოში. მის წინააღმდეგ ღიად გამოდიან საბჭოს არამოსამართლე წევრები - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. ისინი მიქაუტაძეს სასამართლოს „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ.

გიორგი მიქაუტაძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომლის განხილვაც დიდი ხმაურის ფონზე შეჩერდა.

XS
SM
MD
LG