იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ეწინააღმდეგება საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის უვადო მოსამართლედ გამწესებას. დოლიძის თქმით, მიქაუტაძე „სასამართლოს კლანთან“ არის დაკავშირებული და დაუშვებელია როგორც მისი, ასევე სხვა მსგავსი კანდიდატურების უვადო მოსამართლეებად გამწესება.
„ჩვენ ვაშავებთ ყოველდღიურად, როდესაც გაუმართავი პროცედურით, ამ კლანის ძალაუფლების გამო და ძალაუფლების ქვეშ ვნიშნავთ ხალხს სასამართლო სისტემაში, რომლებიც არიან დავალებული ამ კლანისგან. აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას გამოვხატავ და არ ვეთანხმები გიორგი მიქაუტაძისა თუ რომელიმე სხვა პირის უვადოდ დანიშვნას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებული გასაუბრების პროცესი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს უვადოდ გამწესება სურს თბილისის საქალაქო სასამართლოში ან სააპელაციო სასამართლოში. გიორგი მიქაუტაძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომლის განხილვაც დიდი ხმაურის ფონზე შეჩერდა.
საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დაუშვებელია, როდესაც „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ყველა შესაძლებლობას იყენებს“ იმისათვის, რომ მოხვდეს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში. „გიორგი მიქაუტაძე პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა. უნდა მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა თუ ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა. ერთი რამ ცხადია, რომ მას უნდა ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოსამართლის სკამი თუ მანტია იმისათვის, რომ ჰქონდეს გავლენა და ჰქონდეს გარანტირებული სამსახური, რაც თავადაც განაცხადა“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯანეზაშვილმა. თავად გიორგი მიქაუტაძე არამოსამართლე ოპონენტების განცხადებებს „ბუნდოვანსა“ და „პოპულისტურს“ უწოდებს.