კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, რამუშ ჰარადინაიმ წამოაყენა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების იდეა, საიმისოდ, რომ შემუშავებულ იქნეს საბოლოო შეთანხმება კოსოვოსა და სერბიას შორის კავშირების ნორმალიზაციის თაობაზე. ჰარადინაიმ 28 იანვარს ფეისბუკზე გამოაქვეყნა თავისი წინადადება, რომელიც, მისი თქმით, გაეგზავნა აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას და დიდ ბრიტანეთს.
როგორც ჰარადინაი წერილში ამბობს, ამ შეთახმებამ, რომელიც გაითვალისწინებს კოსოვოს მიერ სერბიის საქონელზე დაწესებული გადასახადების მყისიერ გაუქმებას, არ შეიძლება მოიცვას საზღვრის შეცვლა - ჰარადინაის აზრით, ტერიტორიის გაცვლამ შეიძლება ბალკანეთში ძველი მტრობის განახლებას დაუდოს საფუძველი. აშშ და ევროკავშირი უნდა დათანხმდნენ, რომ არ იქნება "კოსოვოს ამჟამინდელი საზღვრების ცვლილება, ან კოსოვოს დაყოფა, ან ტერიტორიების გაცვლა ნებისმიერი ფორმით" - წერს ჰარადინაი თავის წერილში. მის მიერ წამოყენებული სხვა პირობები მოიცავს კოსოვოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ევროკავშირში, ბრიუსელში კოსოვსა და სერბიის მიერ ხელმოწერილი ენერგეტიკული ხელშეკრულების სრულ ამოქმედებას, სერბიის მიერ კოსოვოს საქონელზე დაწესებული, არასაგადასახადო ბარიერების მოხსნას და ბელგრადის მიერ საჯარო განცხადების გაკეთებას, რომ ის "არ იმოქმედებს კოსოვოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს" მისწრაფების წინააღმდეგ.