აშშ-მა სანქციები დაუწესა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (PdVSA). პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს მადუროს და მისი თანამოაზრეების კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და სანქციების დაწესების შემდეგ ისინი ვეღარ შეძლებენ ხალხის ძარცვას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება მიზნად ისახავს ნიკოლას მადუროზე ზეწოლის გაძლიერებას. ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განცხადებით, აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც დამნაშავეა ვენესუელაში სიტუაციის ტრაგიკულად გაუარესებაში და ყველა დიპლომატიურ და ეკონომიკურ საშუალებას გამოიყენებს ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს, პარლამენტის და ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. მნუჩინის თქმით, სანქციების დაწესება აღკვეთს ნიკოლას მადუროს მიერ სახელმწიფო სახსრების მიტაცებას და ნავთობკომპანიის აქტივებს ვენესუელის ხალხს შეუნარჩუნებს. სანქციები მოიხსნება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კომპანიაზე კონტროლი გადაეცემა დროებით პრეზიდენტს, ან დემოკრატიულად არჩეულ მომდევნო მთავრობას. ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ, რომელმაც 23 იანვარს თავი გამოაცხადა დროებით პრეზიდენტად, საკანონმდებლო ორგანოს დაავალა ახალი წევრები დანიშნოს სახელმწიფო ნავთობკომპანიის მმართველი დირექტორების საბჭოში. თავის მხრივ, ნიკოლას მადურომ ვაშინგტონი დაადანაშაულა ამორალურ და უკანონო ქმედებებსა და ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიის კუთვნილი ქარხნის, აშშ-ში მდებარე Citgo-ს მითვისებაში. მადუროს განცხადებით, ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ზომას მიმართავენ ვენესუელის ინტერესების დასაცავად. ნავთობით მდიდარი ვენესუელისთვის აშშ-ია უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი.
ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია 10 იანვარს გაიმართა. მას ოპოზიცია ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, კორუფციაში, დიქტატურასა და ეკონომიკის დანგრევაში. 22 იანვარს ვენესუელაში დაიწყო საპროტესტო აქციები. ოპოზიციის კონტროლქვეშ მყოფი პარლამენტის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.