ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ დაიწყეს დიალოგი სატრანსპორტო გზების განვითარების საკითხზე. ჰენრიკ ჰოლოლეიმ თბილისში, ეკონომიკურ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მსგავს დიალოგს ევროკავშირი აწარმოებს ქვეყნებთან, სადაც აშკარაა სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ინტერესი. ჰოლოლეიმ ხაზი გაუსვა საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების განვითარების ტემპს და მნიშვნელობას, თუმცა, აღნიშნა, რომსწრაფი ზრდა ახალ გამოწვევებს წარმოშობს, ამიტომ, აუცილებელია ინფრასტრუქტურაში შემდგომი ინვესტირება, რათა შესაძლებელი იყოს მოთხოვნის სათანადოდ დაკმაყოფილება.
ევროკომისიის წარმომადგენელმა სასიხარულო უწოდა იმ ფაქტს, რომ 9 იანვარს, ევროკავშირმა ფორმალურად გააფართოვა ტრანსევროპული ქსელი და მის ფარგლებში მოაქცია "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებიც. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ახალ გეგმებს უსახავს საქართველოს პრიორიტეტული კავშირების განვითარების თვალსაზრისით როგორც რეგიონის შიგნით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ასევე უზრუნველყოფილია სტაბილურობის განცდა ინვესტორებისათვის“ - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გახსნა ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს.“ ორდღიანი კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის, „მსოფლიო 2019“-ის ეგიდით, იმართება და მასში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. „ტექნოპარკში“ მიმდინარე კონფერენციის დღის წესრიგშია საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები, ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, ახალი ბაზრებისა და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია; მეწარმეობის ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის პოტენციალის ანალიზი და „მწვანე ეკონომიკა.“