ევროპის კომისიამ წამყვან საინტერნეტო კორპორაციებს მოუწოდა, გააძლიერონ ბრძოლა ე.წ. „ფეიკ ნიუსების“, ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ევროპარლამენტის არჩევნების წინ, რომელიც მაისში გაიმართება. ბრიუსელში შიშობენ, რომ „ფეიკ ნიუსებს“ ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა ფეისბუკი და გუგლი, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საარჩევნო კამპანიაზე.
სამშაბათს ბრიუსელში წარმოადგინეს პირველი ანგარიში საინტერნეტო კომპანიების მიერ სექტემბერში ნაკისრი ვალდებულების შესახებ. ფეისბუკმა, გუგლმა, მოზილამ და ტვიტერმა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს მათს პლატფორმებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქმე ეხება ვალდებულებებს, მკაფიოდ განისაზღვროს პოლიტიკური რეკლამა და შეტყობინებები, რომლებიც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ არაზუსტად მიიჩნევიან. ასევე ლაპარაკია ყალბი ანგარიშების გაუქმებაზე.
ფეისბუკმა ადრე აღიარა, რომ საკმარისი არ გააკეთა საიმისოდ, რომ ხელი შეეშალა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ე.წ. საინტერნეტო ტროლების, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებულებული ტროლების მოქმედებისთვის.
ევროკავშირში ჯერჯერობით არ საუბრობენ ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში რუსეთის რაიმე სახით ჩარევაზე.