უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში და იბრძოლებს ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის მიღებისთვის.
29 იანვარს ათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას პოროშენკომ თქვა, რომ „ქვეყნისა და... წარსული და მომავალი თაობების მიმართ ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობამ“ გადააწყვეტინა მას, იბრძოლოს მეორე ხუთწლიანი ვადით არჩევისთვის.
პოროშენკო ხელისუფლების სათავეში მოვიდა „ევრომაიდნის“ პროდასავლური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელთა შედეგად 2014 წლის თებერვალში ხელისუფლებას ჩამოშორდა მოსკოვთან დაახლოებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი.
პოროშენკო აქტიურად უჭერს მხარს დასავლეთთან ინტეგრაციას და რუსეთს აკრიტიკებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინაში კი გრძელდება ომი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტებთან.
„ჩვენ ევროკავშირში 2024 წელს გაწევრიანების განაცხადს შევიტანთ,“ თქვა პოროშენკომ და დასძინა, რომ, მისი არჩევის შემთხვევაში, უკრაინა ასევე განაგრძობს ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას.
პოროშენკოს პოპულარობის რეიტინგი დაბალია, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ის და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იქნებიან კანდიდატთა შორის სავარაუდო ლიდერები.