Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნასტია რიბკამ უარი თქვა რუს მილიარდერ დერიპასკას შესახებ სი-ენ-ენ-თან საუბარზე


რუსეთის სპეცსამსახურებმა ბელორუს მოდელ ანასტასია ვაშუკევიჩს, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ნასტია რიბკა, აუკრძალეს საჯაროდ საუბარი რუსი მილიარდერის, ოლეგ დერიპასკას შესახებ. ამის შესახებ თვითონ ვაშუკევიჩმა განაცხადა ამერიკული ტელეარხ სი-ენ-ენ-თან საუბრისას.

რიბკამ უარი თქვა ჟურნალისტის თხოვნაზე, ესაუბრა აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დერიპასკას სავარაუდო კავშირის შესახებ. მან დააზუსტა, რომ რუსეთში დაკავების შემდეგ ის იზოლატორში მოინახულეს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა და „მკაფიოდ გააგებინეს, რაზე უნდა ილაპარაკოს და რაზე არა“ ბიზნესმენის შესახებ.

რიბკა 2018 წელს მოექცა ყურადღების ცენტრში რუსეთის ვიცე-პრემიერ სერგეი პრიხოდკოსა და ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას შესახებ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გამოძიების გამო. მიზეზი გახდა ნასტია რიბკას პოსტები სოციალურ მედიაში. ბელორუსი მოდელი ამტკიცებდა, რომ რუსი მილიარდერი ვიცე-პრემიერთან ერთად მსჯელობდა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევის შესახებ.

ნავალნის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ნასტია რიბკა და რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ კირილოვი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ალექს ლესლი, დააკავეს ტაილანდში, უკანონო სექს-ტრენინგების ჩატარების ბრალდებით.

მათ ცხრა თვე გაატარეს ციხეში, რის შემდეგაც ორივეს პირობითი სასჯელი შეეფარდა და დეპორტირებულ იქნა. როცა ისინი მოსკოვში ჩაფრინდნენ, ისევ იქნენ დაკავებული - ამჯერად პროსტიტუციაში ადამიანების ჩართვის ბრალდებით.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG