„ძველი კიმონო“ - ასე ჰქვია ორსერიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც სპორტული კლუბის, „ბლექ თაიგერის", ორგანიზებით შეიქმნა. ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია 29 იანვარს გაიმართა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში და მას სეოკ-ის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრები, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი ძიუდოისტები.
„ძველი კიმონო" ძიუდოს ორი კლუბის - საქართველოს „ბლექ თაიგერისა" და ლატვიის „ლიდოს" - ერთობლივი პროექტია, რომელიც დააფინანსა ბიზნესმენმა დავით ხახუტაშვილმა. ფილმის გადაღება 2016 წელს დაიწყო. „ძველი კიმონო" საქართველოში ძიუდოს შემოტანასა და განვითარების სხვადასხვა ეტაპს ეხება.
ქართული ძიუდოს ისტორიაზე საუბრობენ ოლიმპიური ჩემპიონები, წარმატებული მწვრთნელები და ქართული ძიუდოს განვითარებაში მონაწილე ადამიანები. ფილმს უახლოეს პერიოდში რეგიონებშიც ჩაიტანენ.