Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცპროკურორი მიულერი დაუშვებლად მიიჩნევს რუსი ბიზნესმენის საქმის მასალების გასაჯაროებას


რობერტ მიულერი
რობერტ მიულერი

სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც იძიებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას, სასამართლოს მიმართა, არ დააკმაყოფილოს რუსული კომპანიის „კონკორდ მენეჯმენტ კონსალტინგის“ ადვოკატების შუამდგომლობა მათთვის მტკიცებულებების გადაცემის შესახებ. მიულერის განცხადებით, მტკიცებულებათა გასაჯაროება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას დააზარალებს. სპეციალური პროკურორის ინფორმაციით, მისი ოფისის მიერ წარმოებული გამოძიების დისკრედიტაციის მიზნით, შარშან შემოდგომაზე სოციალური ქსელებით გავრცელდა თითქოს, ოფისის კომპიუტერული სისტემიდან ჰაკერების მიერ მოპარული დოკუმენტები. მიულერის განმარტებით, საუბარია მასალებზე, რომლებიც მისმა ოფისმა გადასცა ბრალდებულთა ადვოკატებს და მოგვიანებით, ეს დოკუმენტები შეცვლილი სახით გავრცელდა სოციალური ქსელებით. ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ვერ აღმოაჩინა იმის მტკიცებულებები, რომ სპეციალური პროკურორის ოფისის კომპიუტერულ სისტემაში ჰაკერებმა შეაღწიეს. შესაბამისად, მიულერის ოფისი ინფორმაციის გაჟონვაში რუსულ მხარეს ადანაშაულებს.

კომპანია „კონკორდ მენეჯმენტ კონსალტინგის“ თანამფლობელი რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, რუსულ მედიაში „პუტინის პირად მზარეულად“ მოხსენიებული ევგენი პროგოჟინია. 2018 წლის თებერვალში სპეციალურმა პროკურორმა მიულერმა პრიგოჟინს და„ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ თანამშრომლებს ბრალი წაუყენა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის. სააგენტოს ბრალად ედება აშშ-ის საწინააღმდეგო საინფორმაციო ომის პროექტის დაფინანსება პრიგოჟინის კუთვნილი კომპანიების, „კონკორდ მენეჯმენტ კონსალტინგის“ და „კონკორდ კეიტერინგისგან“ მიღებული ფულით. თავად პროგოჟინი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG