მალაიზიაში გვირგვინი დაადგეს ახალ, რიგით მე-16 მეფეს მონარქთა მორიგეობის სისტემით, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს. წინა მეფე გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა სილამაზის კონკურსის ყოფილ გამარჯვებულზე, რუს ქალზე მისი დაქორწინების შესახებ.
59 წლის სულთან აბდულა სულთან აჰმად შაჰი ტახტზე ავიდა 31 იანვარს - რამდენიმე კვირაში მისი წინამორბედის, სულთან მუჰამად V-ის უეცრად გადადგომის შემდეგ. მან ერთგულების ფიცი დადო ეროვნულ სასახლეში გამართულ ცერემონიაზე, მთავრობის წევრებისა და მაღალი რანგის სტუმრების თანდასწრებით.
მალაიზიის მონარქიის სისტემით, ცხრა ეთნიკურად მალაი ლიდერი მორიგეობით, ხუთ-ხუთი წლით ადის ტახტზე. სისტემა მოქმედებს 19957 წელს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
პოსტი, ძირითადად, ცერემონიული ფუნქციებით შემოიფარგლება, მაგრამ მალაიზიის ისლამური სამეფო ოჯახები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ მოსახლეობაში. ეს ეხება, პირველ რიგში, მუსლიმებს, რომლებიც უმრავლესობაში არიან:
49 წლის სულთან მუჰამად V მოულოდნელად გადადგა 6 იანვარს მას შემდეგ, რაც სულ ორი წელი დაჰყო ტახტზე. ეს იყო მეფის გადადგომის პირველი შემთხვევა მალაიზიის ისტორიაში.