Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტში არ აღიარებენ სტრასბურგში საქართველოს გამარჯვებას


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში - სახელმწიფო დუმაში აცხადებენ, რომ მოსკოვმა არ უნდა აღიაროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ. „ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში, ჩვენ არ აგვირჩევია ადამიანის უფლებათა მოსამართლეები და არ უნდა ვაღიაროთ ევროპული სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები“ - განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ჩეპამ.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის - ფედერაციის საბჭოს კონსტიტუციური კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კლიშასმა. მისი განცხადებით, რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის თანახმად, რუსეთს შეუძლია თავის ტერიტორიაზე არ აღასრულოს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები. კლიშასმა „რია ნოვოსტის" უთხრა, რომ რუსეთმა ეს მექანიზმი უკვე რამდენჯერმე გამოიყენა. რუსი სენატორის განცხადებით, საბოლოო პოზიციაზე საუბარი შესაძლებელი იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური ანალიზის და ყველა გარემოების გათვალისწინების შემდეგ.

31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა 2006 წელს გაძევებული საქართველოს სულ მცირე 1500 მოქალაქისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG