„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვირუსულად გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით. პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ჩანაწერი სხვადასხვა რეგიონში გაუგზავნეს ათობით ადამიანს, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რათა დანაშაული მათ გადააბრალონ. „ისინი ხვდებოდნენ, რომ ვინმე უნდა დაესაჯათ, მაგრამ ცხადია, ვერ დასჯიან ადამიანს, რომელმაც ეს დაკვეთა გააკეთა. იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის ამ ქვეყნის მმართველი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიძინა ივანიშვილს გადააქვს ისრები სხვაზე და ეს სხვა ყოველთვის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისივე თქმით, მტრის ხატის შექმნა ივანიშვილის ერთადერთი პოლიტიკაა, მაგრამ ეს არ გამოუვა, რადგან სუს-ის მონაწილეობით ჩაიდინა მძიმე დანაშაული.
ჟურნალისტების შეკითხვას, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას,“ რომლის მმართველობის პერიოდში ხდებოდა ადამიანების პირადი ცხოვრების ფარულად ჩაწერა, ბოკუჩავამ უპასუხა, რომ არ აპირებს გაამართლოს ვინმე, ვინც მონაწილეობდა კადრების შეგროვებასა და გავრცელებაში. „ყველა ადამიანი, ვინც ნებისმიერი ფორმით ჩართულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებაში და გავრცელებაში, უნდა იყოს კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი. მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ შერჩევით სამართალს, სადაც ერთი ისჯება, ხოლო მეორე - არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი კი არ ისჯება, არამედ სხვებს აბრალებს და უდანაშაულო ადამიანებს ყრის ციხეში“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, გამავრცელებელია არა ადამიანი, რომელმაც ვირუსულად მიიღო კადრები და მორალურად და კანონის თვალსაზრისითაც არასწორად სხვას გაუგზავნა, არამედ სუს-ის წარმომადგენელი, რომელმაც კადრები გაავრცელა იმისთვის, რომ ვინმე ამას წამოეგებოდა.
შსს-მ დღეს განაცხადა, რომ 16 პირია დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით. წინასწარი ინფორმაციით, მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებიც. ბოლო დღეებში სოციალური ქსელებით გავრცელდა სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.