ხუთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა (ზაალ ანჯაფარიძე, თორნიკე შარაშენიძე, ნანა სუმბაძე, არჩილ გეგეშიძე, გრიგოლ გეგელია), რომლებიც პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შესაფასებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაიქირავა, დაასკვნა, რომ ახალი ამბების ბლოკის გადაცემები მმართველი პარტიის მიმართ ტენდენციურობით გამოირჩევა.
სამეურვეო საბჭო მიმართავს გენერალურ დირექტორს რეკომენდაციების გათვალისწინების თხოვნით მიმართავს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შესრულების გეგმა ერთი თვის განმავლობაში წარმოადგინოს. ექსპერტების შეფასებები თავად პირველმა არხმა გამოაქვეყნა.
ექსპერტებმა შეაფასეს გადაცემები „მოამბე“ 21:00 საათზე, „მოამბე“ დღის თემა (თამთა სანიკიძე), „ახალი კვირა“, საპრეზიდენტო არჩევნები-2018, „აქტუალური თემა“, „კვირის ინტერვიუ“, „42-ე პარალელი“, და „რეალური სივრცე“. ექსპერტებს უნდა გაეცათ პასუხები კითხვებზე:
- ასახავს თუ არა მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, ხედვებისა და მოსაზრებების, პოლიტიკური იდეოლოგიების მრავალფეროვნებას და რამდენად დაბალანსებულად?
- რამდენად ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პოპულარიზაციის მხრივ?
- რამდენად ობიექტური და მიუკერძოებელია მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები? დაბალანსებულად აშუქებს თუ არა ძირითად პოლიტიკურ ძალებს?
- რამდენად აქტუალურია ტოქშოუში შერჩეული დღის მთავარი თემა? ხომ არ ხდება მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში მნიშვნელოვანი თემების გამოტოვება?
- რამდენად კვალიფიციურია საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანი/ავტორი? ფლობს თუ არა საკითხს, რომელსაც აშუქებს? რამდენად რელევანტური და კრიტიკულია დასმული კითხვები? რამდენად სწორად არის შერჩეული მოწვეული სტუმარი?
- აძლევს თუ არა გამოხატვის შესაძლებლობას იმ ჯგუფებს, რომელთა ხმა არ ისმის მედიაში, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლებს?
დადებითად შეფასდა ორი გადაცემა - „42-ე პარალელი“ და „რეალური სივრცე“.
თითქმის ყველა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის გადაცემები უფრო მიკერძოებული და ტენდენციური იყო მმართველი პარტიის მიმართ.
- ბალანსი დარღვეული იყო მმართველი პარტიის სასარგებლოდ,
- იგრძნობოდა მწვავე კითხვების ნაკლებობა,
- ხელისუფლებისთვის უსიამოვნო თემების უკანა პლანზე იყო გადატანილი
- მიკერძოებულობა შეიმჩნეოდა სტუმრების შერჩევასა და მათ შეფასებით მსჯელობებში.
უფრო დეტალურად ექსპერტების შეფასებების შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ტელევიზიის ხელმძღვანელობისათვის კი რეკომენდაციები შემდეგია:
- ამაღლდეს ჟურნალისტების და წამყვანების კვალიფიკაცია პროფესიულ სტანდარტებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას, როგორებიცაა მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, ბალანსი, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, სიზუსტე, სამართლიანობა.
- ჩატარდეს ტრენინგი არჩევნების გაშუქებაში.
- დაწესდეს რეგულარული მონიტორინგი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე. ამ მონიტორინგის ფარგლებში რეგულარულად მოხდეს გასული სიუჟეტების და გადაცემების, ასევე ვებზე გამოქვეყნებული მასალის კრიტიკული შეფასება; სტანდარტების დარღვევის შემთხვევების განხილვა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის მთელ პერსონალთან; სტანდარტების დამრღვევ ჟურნალისტებთან და წამყვანებთან დარღვევების გამოსწორებაზე მუშაობა (ტრენინგების მოკლე კურსის ჩატარების ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენების მეშვეობით).
- მონიტორინგის ფუნქციის შესასრულებლად გამოიყოს შესაბამისი კომპეტენციის, სულ ცოტა, ერთი ადამიანი.
- შემუშავდეს ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების/პროფესიული განვითარების კონცეფცია და ამ განვითარების მონიტორინგის და შეფასების პროცედურა.
- ჩატარდეს ტრენინგი შშმ პირების და სხვა დაუცველი ჯგუფების გაშუქების, გენდერული თანასწორობის საკითხებზე.