„ რა თქმა უნდა, ეს დასაწყისია და რა თქმა უნდა, ეს არ არის დასასრული. იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში. დაკავებულ პირთა რაოდენობაც მეტყველებს ამაზე, თუმცა ეს რიცხვი, როგორც ჩანს, გაცილებით მეტია,“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. იგი გამოძიების შემდგომ ნაბიჯებს ელოდება და აღნიშნავს, რომ გარდა ჩანაწერის გამავრცელებელი პირებისა, გამოსავლენია ის, ვისგანაც თავიდან წამოვიდა დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება:
„ანუ ვინც იყო ინიციატორი ამ უკანონო ჩანაწერის გავრცელების და ვინც იყო ამ დანაშაულებრივი ქმედების სათავეში. ანუ მე ველოდები სწორედ გამოძიებისგან ამ პასუხს. ეს არის ძალიან მნიშვნლოვანი.“- ეკა ბესელია ფიქრობს, რომ რადგან უკანონო ჩანაწერები გუშინაც ვრცელდებოდა, ნიშნავს იმას, რომ იგი უკვე ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა. დეპუტატი გამოძიებისგან სწრაფ მოქმედებას მოითხოვს.
ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით დღეს 1 თებერვალს დღის მეორე ნახევარში აპირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 პირია დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ეს პირები სოციალური ქსელით და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.
ბოლო დღეებში სოციალური ქსელებით გავრცელდა სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.