ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ გიორგი ქადაგიძის ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ილიაუნის არ ეშინია სიახლეების და პირიქით, მას სიახლე სჭირდება.
მისი თქმით, ამის დასტურია ბოლო სტრუქტურული რეფორმაც, რომელიც მისი სიტყვებით, ყველა წესის დაცვით, ყველა კოლეგიური საბჭოს ჩართვით მიმდინარეობდა და რომელში მონაწილეობაზე, მისი სიტყვებით, უარს ამბობდა გიორგი ქადაგიძე.
„გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც“, - წერს გიგა ზედანია და შენიშნავს, რომ პირად კინკლაობას არ აპირებს.
31 იანვარს ილიაუნის ბიზნესსკოლის დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ საჯაროდ დაწერა, რომ ის დეკანის პოსტიდან გაათავისუფლეს.