საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს ამაზრზენ და ბინძურ ქმედებად აფასებს.იგი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე კანონი გამკაცრდეს:
"ამაში ჩვენი კომიტეტი აბსოლუტურად თანაზიარი ვართ ქალბატონი ეკა ბესელიასი. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა, რომელიც დანაშაულის გახსნის ფლაგმანია, ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი და პარლამენტმა ვიმსჯელოთ ამ სახის დანაშაულზე კანონის გამკაცრებაზე, თუკი ის მომავალში პრევენციულად იმოქმედებს მსგავს შემთხვევებზე და ასეთი გადაწყვეტილებაც მივიღოთ,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მისი განმარტებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება არის ბოროტება, რომელიც აუცილებლად უნდა დამარცხდეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 პირია დაკავებული, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ეს პირები სოციალური ქსელით და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.