პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე შსს-ს მიერ დაკავებული 16 პირიდან ერთ-ერთის, მუსიკალური პროექტის „იქს ფაქტორის“ მონაწილის გიორგი გასვიანის ადვოკატი კახა ხვისტანი არ ეთანხმება მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას. 1 თებერვალს გიორგი გასვიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება-შენახვას გულისხმობს.
ადვოკატი კახა ხვისტანი ამბობს, რომ გიორგი გასვიანი დანაშაულს არ აღიარებს. მისი განმარტებით, ვიდეოფაილი, რომელშიც ასახული იყო ეგრეთ წოდებული ფარული ჩანაწერი მან სოციალური მედიის, კერძოდ ფეისბუკის მესენჯერის საშუალებით მიიღო: „მან გახსნა ეს მიღებული ფაილი, რამდენიმე წამით შეხედა, ვერავის იდენტიფიცირება ვიდეოში ვერ შეძლო, დაკეცა ეს ფაილი და ფაილის გამომგზავნს მისწერა, რომ არ სჯერა ჩანაწერის ავთენტურობის.“ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი გასვიანის როლი ამ ფაილთან მიმართებაში ამით ამოიწურება.
„ეს კადრები გიორგი გასვიანს არ გადმოუწერია არც თავის ტელეფონში, არც თავის კომპიუტერში, არც რაიმე ელექტრონული ინფორმაციის მატარებელში. არ დაუმახსოვრებია, არ გაუვრცელებია. ამ კადრების ირგვლივ სოციალურ მედიაში რაიმე განცხადება, არავითარი მოქმედება არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე წუთით თუ წამით ნახა და ბოლომდე არც კი უყურებია,“- გვითხრა კახა ხვისტანმა.
გიორგი გასვიანი 31 იანვარს სამსახურში შესვენების დროს დააკავეს. მან გამოძიებას წარუდგინა თავისი მობილური ტელეფონი და გადასცა ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიებას სჭირდებოდა. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდოდ, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 16 პირი დააკავა. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ეს პირები სოციალური ქსელით და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.