ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებამ, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ქვეყნის ოპოზიცია და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, - უარი თქვა სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული 20 ტონა ოქროს მარაგის გაყიდვის გეგმაზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს თანახმად, ვენესუელის ცენტრალურ ბანკს შეფუთული და გასაგზავნად გაგზავნილი ჰქონდა ძვირფასი ტვირთი, მაგრამ გარიგების მონაწილეებმა, საერთაშორისო ზეწოლისა და სანქციების ქვეშ მოხვედრის შიშით, უარი თქვეს ამ ჩანაფიქრზე.
ნიკოლას მადუროს ხელისუფლებისათვის ოქროს მარაგის გაყიდვა ლამის ერთადერთი საშუალებაა ხაზინის შესავსებად მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დაუწესა სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA -ს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის ძირითად შემომტანად ითვლებოდა.
ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი გააკეთებს ყველაფერს, რათა ვენესუელის რესურსები არ გაძარცვონ ნიკოლას მადურომ და მისმა მომხრეებმა.
ვენესუელაში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი და მწვავე შიდა დაპირისპირება მას მერე, რაც ამ ქვეყნის ოპოზიციის ლიდერმა თავი გამოაცხადა ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად.
ხუან გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად უკვე აღიარეს ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანამ, აშშ-მა, ისრაელმა, საქართველომ და სხვებმა.
ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ უცხოეთის ქვეყნები, რუსეთთან ერთად, ჩინეთი, ირანი, სირია, კუბა და თურქეთი.