„ამ ჩანაწერების სათავეში სწორედ ის ადამიანები დგანან, ვინც ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ამ დღეების განმავლობაში”, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.
„მათ თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებულია სერიებად ეს პირადი ჩანაწერები უკანონოდ, ვის ჰქონდა ეს შენახული და დასაწყობებული, ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარან“, - დასძინა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ამასთან თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი მასალით მანიპულირება. პარლამენტარმა შეაქო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც „დროული რეაგირება მოახდინა, გამოავლინა ის, ვინც ავრცელებდა და სავარაუდოდ, ის ადამიანიც, ვინც ეს პირველად ატვირთა ინტერნეტში.“
თუმცა, საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ საუბრობს, თუ ვინ გაავრცელა თავდაპირველად ფარული ვიდეოჩანაწერი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.
მათგან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი, 2 000 ლარიანი, 3000 ლარიანი და 1500 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.