საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რუსთავში 700 და 120 მსჯავრდებულზე გათვლილი ორი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდება, „2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ტერიტორიის მოსწორების, შემოღობვისა და შესაბამისი სტანდარტით დაწესებულებების პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები, რომელთა დასრულების ვადად 2019 წლის ივნისი განისაზღვრა”, წერია იუსტიციის სამინისტროდან რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციით, მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს დაწესებულებების საპროექტო სამუშაოებიც. საპროექტო გუნდთან ხელშეკრულება 2018 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა და მის ფარგლებში სამუშაოების დასრულება 2019 წლის 15 მარტისთვის.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, 120 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილი დასრულებულია (გეოლოგია, კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილები) და ექსპერტიზას გადის. სრული საპროექტო დოკუმენტაცია მზად მიმდინარე წლის 10 თებერვლისთვის იქნება, 15 მარტისთვის კი მოცემული დაწესებულების სამშენებლო ტენდერის გამოცხადება იგეგმება.
700 პირზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების საპროექტო სრული დოკუმენტაცია მზად 15 მარტისთვის (დღეისთვის დასრულებულია მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის 75%) იქნება. 15 აპრილისთვის კი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.