"ის, რაც დღეს ვენესუელაში ხდება, არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა, ეს ძალიან მძიმე შედეგებით სრულდება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუკლაივში” განაცხადა.
ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის პასუხად, საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო სცნეს ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად.
„მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს და ბოლომდე ვრჩებით ერთგული იმ განცხადებისა, რომელიც გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ ისიც გაიხსენა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც ვენესუელაში ე.წ არჩევნები ჩატარდა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და მისი შედეგები არ ცნო.
“მადუროს რეჟიმი უკვე წლებია, აგრძელებს ხელისუფლების უზურპაციას, რაც ძალიან მძიმედ აისახა მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ განვითარებული სამყაროს გვერდით. ამას დაემატა ის, რომ ეს რეჟიმი საერთაშორისო სამართლიდან გავიდა და კიდევ ერთხელ დაარღვია ის, როდესაც აღიარა ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც დღეს ოკუპირებულია“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.